პარტია ტრიბუნას ლიდერის, დავით ჭიჭინაძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნასამართლეობის მოტივით პარტიის რამდენიმე წევრს: მაჟორიტარობის კანდიდატ, გელა კვარაცხელიას და პროპორციული სიის წევრებს, გარნიკ სიმონიანსა და ბორის მიქელაძეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა.
როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, პარტიის წევრებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება წინა ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური ნიშნით წარდგენილი ბრალის გამო არ მისცეს.
"წინა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით წარდგენილი მსჯავრი დღეს გაახსენდა ქართულ ოცნებას. ეს ეხება სამცხეში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს, გელა კვარაცხელიას, რომელიც ქართული ოცნების პირობებში 2014 წლიდან რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო. თუ ნასამართლევი იყო, როგორ იქნებოდა ამ თანამდებობაზე.
კიდევ ასეთი ადამიანი არის გარნიკ სიმონიანი და კიდევ ერთი ადამიანი არის აჭარის წარმომადგენელი, ბატონი ბორის მიქელაძე, რომელიც 2012-ში უკვე კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მონაწილეობა აქვს მიღებული საპარლამენტო არჩევნებში და ამ ადამიანსაც ძველი ხელისუფლების პირობებში წარდგენილი ბრალის გამო არ მისცეს საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის არჩევნებში",- ამბობს დავით ჭიჭინაძე.
პარტიის კიდევ ერთი წევრის, ლია მუხაშავრიას თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები დასაბუთებული უნდა იყოს.
ცესკოს ამ საკითხზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.